50 ლარი თითო კაცზე - ქუთაისელი "ვარსკვლავა" "მთავარ არხს" "ოცნებასთან" გარიგების დეტალებს უყვება

გამოქვეყნდა:

თეიმურაზ მამაგეიშვილი, იგივე "ვარსკვლავა", რომელიც გუშინ, მართველი პარტიის დავალებით რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ქუთაისელ უბნელებთან, ე.წ. ზასტაველებთან ერთად მივიდა, "მთავარ არხთან" გარიგების დეტალებს ყვება.

მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტმი მას "ქართული ოცნების" შტაბის წევრად გაეცნო, "ვარსკვლავამ" დაადასტურა, რომ რუსთავის ციხესთან მისვლის და მიხეილ სააკაშვილის გინების დავალება პარტიული შტაბიდან მიიღო და ხვალინდელ აქციაზეც იგივე მოხდება. 

"ქართული ოცნების აქციაზე ვიქნები ყოველთვის და სულ, იმიტომ, რომ მაგენი უნდა იყვნენ, აბა ესენი რაფერ უნდა მოვიდნენ, შემიძლია მთელი ზასტავა მოვიყვანო, მთელი ქუთაისი, 20, 50, 100, 200, ერთი ორმოცდაათი კაცი უეჭველი წამოვა ჩემთან ერთად", - ამბობს მამაგეიშვილი.

კითხვას, ხომ არ მოითხოვენ თანხას მისი თანხმლები ადამიანები, მან ასე უპასუხა:

ზოგს საჭმლის ფული არ აქვს, ზოგს სიგარეტის, რავი თუკი ვინმე რამეს დაეხმარება კი მივცემ ამ ბიჭებს, რაღაცას სახლში მიიტანენ, რაფერ გითხრათ.

მოგვიანებით, მამაგეიშვილმა "გადმორეკა" და დააზუსტა, რომ კარგი იქნება თუ "ქართული ოცნება" აქციის მონაწილეებს 50 ლარს გადაუხდის, ასევე, დაინტერესდა ავტობუსებით მომესახურებათ თუ არა პარტია.

"რა მაინტერესებს იცით? დიდი აქციისთვის ერთი 50 კაცი მაინც იქნება წამომსვლელი და რამდენს გამოყოფთ რომ ვიცოდე, მეც რომ არ შევრცხვე. 50 ლარი მგონი საკმარისი იქნება თითო კაცზე. გუშინდელ აქციაზეც მასე იყო", - თქვა თეიმურაზ მამაგეიშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედნაზე აქციას მართავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება რეგინებიდან აქციაზე დასასწრებად საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ე.წ. ძველ ბიჭებს და სხვა პირებს აორგანიზებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი