
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
როგორც მეუფემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, თუმცა მხნეობას არ კარგავს.
"ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, სუსტად გრძნობს თავს, რაც მე შევატყე, თუმცა მხნეობას არ კარგავს. სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობაც ცოტა შენელებული აქვს რომ ვიცით, როგორი ტყვიასავით არის...", - თქვა მან.
მეუფე გრიგოლმა ასევე აღნიშნა, რომ შიმშილობასთან და მკურნალობაზე უართან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცვლელია. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ჩვეულებრივი პატიმარი არ არის".
"შიმშილობასთან დაკავშირებით, მან იცის რატომ შიმშილობს და მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამაზე საუბარს არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. მან ბრძანა,რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას...
როდესაც არის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი, არაჩვეულბრივი პატიმარია", - თქვა მეუფე გრიგლომა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.