"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა. ის მედიასთან კომენტარში ამჯერადაც ოპონენტების ლანძღვით, ცინიზმით და სიძულვილის ენით იყო გამორჩეული. კობახიძის აზრით, ოპონენტები პროვოკაციებს ამჯერადაც შეეცდებიან.
"დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს პირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც პირდება ხალხს სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. ეს არის ერთი არჩევანი, რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში, ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით არ გამოურჩევია თავი მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კენჭისყრის დღეა პროვოკაციებს ელოდებიან, რადგან ეს "ოცნების" ოპონენტების ხელწერაა.
კობახიძისთვის გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მუხლით დაწყებულ ახალ გამოძიებაზე გავრცელებული აუდიოჩანაწერიც საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა:
"ეს არის პოლიტიკური ძალა, ნაცმოძრაობის სახით, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებს, ეს არის არეულობის შემოტანა ქვეყანაში, თუმცა მათ ამის საშუალება არ ექნებათ და გუშინ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა სათანადოდ გაიხსნა, ის კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობდა გუშინ ბრიფინგზე", - თქვა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებს უთხრა სვა მტკიცებულებების გამოქვეყნებას დაელოდონ, "მთავარი არხის" სხვა კრიტიკულ კითხვებს კი ტრადიციულად ასე უპასუხა - "ნაცობა სირცხვილია"