
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების გუნდს დღეს ამერიკელი ადვოკატი შეურთდება. უცხოელი იურისტის ჩამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აქ მყოფი ადვოკატები მოინახულებენ და მასთან სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიას განიხილავენ.
მათი თქმით, ხელისუფლების მიერ კონსილიუმის დასკვნის უგულებელყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს, მმართველი გუნდის პოზიციას სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მას სჭირდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს აქტიურ პროცესში. რა თქმა უნდა, იურიდიულ მხარეს აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გუნდს უერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ადვოკატი. ასევე, შემოერთებული არიან ჩვენ გუნდთან უკრაინელი ადვოკატებიც. სამართლებრივადაც დადგება საკითხები, რომელზეც საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა, მთავრობას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა სახალხო დამცველის დასკვნა, არ გაითვალისწინა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაცია და ამ დრომდე ადამიანის სიცოცხლეს ფეხქვეშ თელავს", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს.