იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან ცოტა ხნის წინ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარძე მივიდა. ადგილზე დილიდან იკრიბებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გუშინ, იმედა კლდიაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.
"მან ჩაიდინა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, აპროტესტებდა ქალბატონ ლიზასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელმაც გუშინ დღის განმავლობაში "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში ამხილა, შემდეგ მასზე და მის ოჯახზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდებოდა, დღის მეორე ნახევარში ეს ქალი უბრალოდ გააქრეს და დღემდე ვერავინ ახერხებს მასთან დაკავშირებას.
იმედას პროტესტი არ არის არც პირველი, არც უკანასკნელი, არავის ეგონოს, რომ ძალაუფლების უზურპირება გაყალბებული არჩევნებით და შემდეგ ძალადობა და შანტაჟი ადამიანებზე სუს-ის მხრიდან შერჩება ვინმეს, ეს პროტესტი გაგრძელდება", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იზა ჩირგაძესთან დაკავშირებას საღამოს 8 საათის შემდეგ ვეღარ ახერხებენ და არასამთავრობოებს სთხოვენ საქმით დაინტერესდნენ. ცნობისთვის, პოლიციამ იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისის სუს-ის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დააკავა.