
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველებმა მოინახულეს.
როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის თავს მხნედ გრძნობს.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი დღეს ალტერნატიულ ექიმთა კონსილიუმს ელოდება. ექიმები მას ანალიზებს აუღებენ, რის შემდეგაც დადგინდება, ხომ არ არის რომელიმე სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, დამძიმებულია. დღეს ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც შევა, აიღებენ ანალიზებს და მიუთითებენ პასუხში, სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის. ის სასიცოცხლო მაჩვენებელი დღემდე ექიმებს ეკავათ სამედიცინო ჩარევით, ხოლო უკვე ამის შემდეგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ ანალიზებიდან, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას. სისუსტე ძლიერდება, თუმცა მორალურად ძალიან მხნედ არის და აპირებს გააგრძელოს ისე, როგორც აქამდე მოვიდა", - თქვა გიორგი გელხაურმა.
ამასთან, უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა შიმშილობს.