ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით მთავრობის სხდომაზე "მწვანე საშვებთან" დაკავშირებით იმსჯელეს. მისი თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მისივე განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც გუშინ მთავრობას მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა. დღევანდელ საბჭოზე იყო მსჯელობა მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით, ძირითადად ამას შეეხო, ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნეს აქტივობებზე ზემოქმედების კუთხით, ყველა მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტება", - თქვა გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, "მწვანე საშვის" კონცეფცია არაპირდაპირი რეგულირებაა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მან ასევე მიმართა საპატრიარქოს, რომ მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი მისცენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით.