"გამოიყურება უაღრესად სუსტად" - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ენერგიის ნაკლებობას განიცდის, კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეუძლია, გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა არის შესამჩნევად სუსტად ვიდრე წინა შეხვედრების დროს - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ადვოკატებმა რუსთავის მე-12 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მათი თქმით, კონსილიუმთან დაკავშირებით სიახლე არაფერია და მესამე პრეზიდენტი ისევ ითხოვს მოქმედი კონსილიუმის რეკომენდაციების შესრულებას, ასევე ალტერნატიული კომისიის წევრების მასთან შეშვებას.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს და გამოიყურება უაღრესად სუსტად.

"უჩვეულოდ არაენერგიულია, ვერც კი გავაკეთებთ შედარებას მის წინა მდგომარეობებთან თუნდაც იქნება ეს გადაადგილება, საუბარი თუ ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკვე კარგა ხნის გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტისთვის უფლებების შესაზღუდად ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, ის როგორმე გლდანის ციხის საავადმყოფოში მოათავსოს.

"მთავარი არის ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა საზოგადოების წინაშე წარდგენის, მაშინ, როცა ორი საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, მესამე საქმე ახლა წამოიწყეს. მას არ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო ზარები უკვე თვეზე მეტია, ყველაფერი დაბურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს თვალი ვერ მოკრას ქართველმა ხალხმა.

"ამიტომ, ახლა ამოცანაა, ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა ქვეყანაში, უზრუნველყოფს პოლიტიკური მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნა. სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ უკანონო პატიმრობაში, პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიცვას. ხელისუფლებას აქვს დღის წესრიგად ქცეული ერთი რამ - როგორმე მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, აასრულონ კრიმინალის და პუტინის რევანშისტული სურვილები", - თქვა ბექა ბასილაიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის 36-ე დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი