დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში - მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ პროცესებს "მთავარ არხთან" ინტერვიუში ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი, ამერიკის მთავრობის ყოფილი მრჩეველი დევიდ სმიტი ეხმაურება.
სმიტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.
"ჩემი აზრით, აქ ორი მომენტია. პირველი ადამიანური ფაქტორი - როდესაც ადამიანი საფრთხეშია ყველამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური საუბარი და გაკეთდეს ის, რაც საჭიროა პირველ რიგში. არსებობს მთავრობის მიერ დანიშნული ექიმების საბჭო, რომელმაც განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი კარგად აღჭურვილ საავადმყოფოში, ანუ ისეთში, სადაც ასეთი პაციენტის სამკურნალო ყველა პირობა იქნება. ასე რომ, სუფთა ადამიანური გაგებით ასეა.
მეორე საკითხი ის არის რომ, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, ის პოლიტიკური პატიმარია და სიტუაცია, ამის გამო არის ძალიან რთული.
შეიძლება მას ვინმე არ ეთანხმებოდეს რამეში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი უჭერს მხარს და ამ სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, რომ ის ციხიდან გამოუშვან და მისცენ საშუალება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა" - ამბობს დევიდ სმიტი .
ის ასევე ირაკლი ღარიბაშვილის იმ კომენტარს აფასებს, სადაც პრემიერი "თვითმკვლელობის უფლებაზე" საუბრობს:
პრემიერმინისტრის კომენტარი თვითმკვლელობის უფლების შესახებ დაუჯერებლად არაკორექტულია. ეს ადამიანური სიტუაციაა და ადამიანურობა არის აქ მთავარი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პრემიერი ამ სიტყვებს უკან წაიღებს.
რაც შეეხება ღარიბაშვილის სიტყვებს, დამატებითი ბრალდებებისა და იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ დაიჭერდნენ, თუ ის პოლიტიკიდან წავიდოდა, დიახ ეს ხაზს უსვამს, იმას რომ საქართველოს მთავრობა მართლმსაჯულებას იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ეს კი დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია - თქვა დევიდ სმიტმა"მთავარ არხთან" საუბრისას