სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ხელისუფლების დამხობის გეგმის" შესახებ მორიგი ბრიფინგი გამართეს.
უწყებაში განაცხადეს, რომ აქვთ "ოპერატიული ინფორმაცია", რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ.
მათივე თქმით, მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა" და შესაბამის დავალებებს ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი "გასცემს".
სუს-ის მტკიცებით, "განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც".
"6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდანაც ჩაყვანა. საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისშიც.
ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, კერძოდ მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას.
სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა.
ასევე, აქციის მონაწილეები განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესული პირების მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის შესაბამისად მიიღებს ზომებს დანაშაულის აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი უმკაცრესად აგებენ პასუხს", - განაცხადეს სუს-ში.