გავარკვევთ, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე - ადვოკატები გლდანის ციხეში მივიდნენ

გამოქვეყნდა:

გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მივიდნენ. 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ისინი პირველ რიგში ციხის ადმინისტრაციაში გაარკვევენ, მოხდება თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, სადაც 13:00 საათზე მისი პროცესია ჩანიშნული. 

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კვლავ შეეცდება, რაიმე მიზეზი მოიგონოს იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტს სასამართლოში მისვლისა და საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცეს. 

"1 საათზეა პროცესი ჩანიშნული. სასამართლოს გამოთხოვილი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ ის პროცესს არ დაესწროს. აქ მოვედით, რომ გავარკვიოთ აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე და თუ არ აპირებენ ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი შეხვედრის გამო არ დავაბრკოლებთ საბადრაგო სამსახურს მესამე პრეზიდენტის სასამართლოში გადასაყვანად.

თუმცა, ილუზია იმის, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, მიხეილ სააკაშვილის გამოჩნდეს სასამართლოზე, არ გვაქვს. რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესები ჩატარებულიყო ციხეში. მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს უშუალოდ და ყველაფერს გააკეთებენ, რაღაც მიზეზს გამოჩხრეკენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ადვოკატის თქმით, სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ასევე დამატებით შუამდგომლობებს წარადგენს.

"დღეს უნდა მოხდეს განხილვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების და ამავდროულად გვექნება დამატებითი შუამდგომლობები. ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არა მხოლოდ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, არამედ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები პირდაპირ საუბრობენ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება", - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. ექიმებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ მდგომარეობა დამძიმებულია და ის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. თუმცა, 2 დღის წინ, მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მოტყუებით და ძალის გამოყენებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელიც ექიმთა კონსილიუმის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი