საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე არ გადაიყვანენ.
როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.
"1 საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. არათუ არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანას, არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესში. მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა პროცესზე სასამართლოში", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე დააყენებენ საკითხს, რომ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე გამოცხადება სასამართლომ უზრუნველყოს. ასევე, მოითხოვენ, რომ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება მიეცეს.
"რაც შეეხება პროცესს, დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ის, რომ პენიტენციური სამსახური ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პარტიზანულად შეკეტილი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი და არ გადაჰყავს სასამართლოში, ეს უნდა აღმოფხვრას სასამართლომ, თუ უნდა ოდნავ მაინც სახე შეინარჩუნოს. ამავდროულად, ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და დღესვე უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისა, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ თუ არა", - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. ექიმებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ მდგომარეობა დამძიმებულია და ის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. თუმცა, 2 დღის წინ, მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მოტყუებით და ძალის გამოყენებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა, რომელიც ექიმთა კონსილიუმის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.