7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. 

მოსამართლე ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო აღკვეთის ზომად, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც მესამე პრეზიდენტს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

ამავე საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი - პატიმრობა კი უცვლელი დარჩა, რადგან მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე.

გელაშვილის საქმეზე მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ხოლო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი