
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანას ასახავს.
როგორც წითლიძე Facebook-ზე წერს, ეს კადრები სახელმწიფოს შეურაცხყოფაა და არა მიხეილ სააკაშვილის.
"ვეღარ ვუყურებ მაგ კადრებს. მორალურად არ შემიძლია. ნაძირლები ხართ, ყველას მოგეკითხებათ და რომ შეგაკვდეთ ამ ბრძოლაში არ მენანება.
აღარ ვფიქრობ იმაზე რა გადაიტანა მანდ სულ მარტომ, როგორც არასოდეს ისე მეამაყება რომ მისი თანამებრძოლი ვარ.
ვისაც ჰგონია, რომ ეგ კადრები მიშას შეურაცხყოფაა და არა სახელმწიფოსი - უსაშველოდ რეგვენები ხართ", - წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.