კანონის სახელით განხორციელებული ძალადობა და ლაჩრობა - ვაშაძე კადრებზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პენიტენციურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას ეხმაურება და წერს, რომ ამ ყველაფერს არანაირი საერთო არ აქვს მორალთან,  ღირსებასთან და ადამიანობასთან.

"ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, როგორ იწონებდა თავს “ქართული ოცნება” მესამე პრეზიდენტზე ძალადობის კადრებით, ეს არის ხელისუფლების რეალური სახის გამოვლინება.

ეს არ არის დემოკრატიული დასავლური ქვეყნების სტანდარტი და მას საერთო არ აქვს არც მორალთან, არც ღირსებასთან და არც ადამიანობასთან! მსგავსი რამ დამახასიათებელია ავტოკრატიული მმართველობისთვის იმ მიზნით, რომ გააღვივოს მოსახლეობაში ზიზღი, შიში და უიმედობა.

სულ ტყუილად გგონიათ, მეგობრებო, რომ ამ კადრების გავრცელებით რაიმე ღირსება შეელახა სააკაშვილს და რომ ამ კადრების შემდეგ, ემოცია დაჯაბნის პრაგმატიზმს და ოპოზიცია ისეთ არარაციონალურ მოქმედებებზე გადავა, რომ თქვენ ოპოზიციასთან ბრძოლაში სტრატეგიულ უპირატესობას მოიპოვებთ.

ეს ძლიერება კი არა, უძლურებაა, ეს კანონი კი არა, კანონის სახელით განხორციელებული ძალადობაა. ეს ლაჩრობაა და ამ ლაჩრობას ყველამ ერთად უნდა დავუსვათ წერტილი ამ ქვეყანაში!

მიუხედავად თქვენი ამ უმსგავსობისა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ და სხვებს მომავალში, ასე არავინ მოექცეს!", - წერს გიორგი ვაშაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და არაადამიანურად ექცევიან.  

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი