"გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა" - ეს კომენტარი გააკეთა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და გამოცემული დროებითი ღონისძიებით.
"დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია თუ როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, რომელზეც სააკაშვილს აქვს ტანსაცმელი შემოხეული. რეალურად, ცხადია, ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა ამ კადრების გავრცელებით, ბუნებრივია, ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლების არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა. [...]
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო, რეალურად მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება, გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა, ცხადია, რომ ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტის", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საძაგლიშვილის თქმით, მათი და მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა უცვლელია - საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმი შევიდეს მასთან, ჰქონდეთ წვდომა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.