"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ვერ ხვდება რა უფლებები დაირღვა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივად გადაყვანის კადრებში. მისი თქმით, ემოციური კითხვები მის "ლოგიკურ და სამართლებრივ" პასუხს ვერ შეცვლის.
"რაც უფრო ემოციურ კითხვას დასვამთ, ეს არ შეცვლის ჩემ ლოგიკურ და სამართლებრივ პასუხს. ჩემი პასუხია, რომ ნებისმიერ ამ ვიდეოს, ნებისმიერ კადრზე, თუ ვინმე დაადასტურებს, რომ არის რაიმე სამართლდარღვევა, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება რეაგირება. გიბრუნებთ კითხვას - რომელი კანონი დაირღვა მისი როგორც პატიმრის გადაყვანის შემთხვევაში?", - უთხრა ნინო წილოსანმა ჟურნალისტს.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და არაადამიანურად ექცევიან.
ცოტა ხნის წინ სამინისტრომ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, ამჯერად სასწრაფოს მანქანიდან. ვიდეოში ისმის მესამე პრეზიდენტის სიტყვები, რომ უარს ამბობს მანქანიდან გადასვლაზე და ციხის საავადმყოფოში მოთავსებაზე.