
უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობას მის მიმართ. ეს გზავნილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარეიშვილს გადასცა.
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამინისტროც.
“მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს გააცნო ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეულად მოპყრობის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ”,- ციტირებს გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” სამინისტროს პრესსამსახურს.
გამოცემის ცნობით, ტოჩისკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკითხზე დაკვირვებას განაგრძობს, რომელთა უზრუნველყოფაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და საქართველოს ელჩს შორის, ეს უკვე მეორე შეხვედრაა.
მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა.