"ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას" | ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში შეხვედრები დაიწყეს

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსულმა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ანა ფოტიგამ, შეხვედრები უკვე დაიწყო.

პირველი შეხვედრა მან და ლეიტუველმა პარლამენტარებმა ცოტა ხნის წინ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრთან, სალომე სამადაშვილთან გამართეს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვა არ მიუღიათ.

"თქვენ იცით, რომ ანა ფოტიგა და ორი ლიტველი პარლამენტარი არიან ჩამოსულები მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების მიზნით. ჩვენ გვქონდა სამუშაო საუზმე მათთან გაერთიანებულ ფორმატში. ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ნებართვა მიღებული, რომ ციხეში შევიდნენ. შესაბამისად, გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წუთებში მივიღებთ შესაბამის ნებართვას, რადგან მორიგი საერთაშორისო სკანდალი ქართულ ოცნებას მგონი არ სჭირდება, რომ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრაზე.

ჩვენი მეგობრები ხედავენ, რომ მძიმე კრიზისია ქვეყანაში და ცხადია, ყველაზე გადაუდებელი რაც არის გადასაჭრელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პრობლემა და ის, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნას საფრთხე. სწორედ ამ მიზნით, ამ მოსაზრებით არიან ისინი ჩამოსული საქართველოში", - თქვა სამადაშვილმა.

ანა ფოტიგა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი