"ქართული ოცნება" ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიებს აგრძელებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გოგა ონიანს, რომელიც 10 ნოემბერს სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ონიანის პროცესი გუშინ გვიან ღამით გადაიდო და თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ დაკავება უკანონო იყო და წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება.
"რაც ხდება ქვეყანაში, ის ხდება ყველგან. ძალადობაზეა გადასული ხელისუფლება. ეს არის ბოლო ჟამი ხელისუფლების, როდესაც ასეთ აგონიაშია, რომ ჩვეულებრივად ადამიანს ქუჩაში აკავებს ყოველგვარი სამართალდარღვევის ან დანაშაულის გარეშე. მაქვს მოლოდინი, რომ გამოიტანს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა განზრახ უკანონო დაკავების მუხლით. ეს გამოძიება დღეს იქნება თუ რამდენიმე ხანში, აუცილებლად მივა ბოლომდე", - თქვა გოგა ონიანმა.
პროცესზე დღეს ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც გამოკითხავენ, მათ შორის ზაალ უდუმაშვილს, ანი წითლიძეს და ლანა გალდავას.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე - სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. 6 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, 30-მდე პირი კი დააჯარიმეს.
აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.