იმ ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე რაც ციხეებშია, კოვიდის გავრცელება უდიდესი რისკია - სოფო ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმ რისკებზე საუბრობენ, რომელიც დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ექიმების თქმით, შიმშილობის 45 დღის შემდეგ, მიხეილ სააკშვილის იმუნური სისტემა დაქვეითებულია და ამ დროს, კორონავირუსით დაინციფირების შესაძლებლობა უფრო მაღალია. ამას გარდა, ექიმები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზეც საუბრობენ.

მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.

იმ ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რაც დღეს ციხეებშია და იქაა, სადაც მიხეილ სააკაშვილია, კოვიდის გავრცელება არის უდიდესი რისკი. დიდი რისკია იმიტომ, რომ ვიცით, რომ სრულიად დაუცველი არიან ისინი, მაგრამ ლბათ, ესეც არ შეუშლის ხელისუფლებას ხელს, იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად გვაყურებინებენ ადამიანის წამებას, როგორ კლავენ ადამიანს, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად, - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა, დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის მზაობა გამოთქვა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ის შიმშილობას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მას სამკურნალოდ, სათანადო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ამ განცხადებიდან 3 დღის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი კვლავ გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. დღეს, 14 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხის საავადამყოფოს დირექტორს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური შეხება ჰქონდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - პენიტენციურის განცხადება

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე საღამოს შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. მთავრობის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა და მას სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ ესაჭიროებოდათ, თუმცა, ამბობდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.

ადვოკატების, ექიმებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულება, ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის პირობებს მის სამკურნალოდ, ამასთან აღნიშნავდნენ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმავე საღამოს პენიტენციურმა დაწესებულებამ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს მესამე პრეზიდენტი ბარგს, უწყება ვიდეოთი ამტკიცებდა, რომ გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალა არ გამოყენებულა. 

განსხვავებული განცხადება გააკეთა თავად მიხეილ სააკაშვილმა. მასთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და უთხრეს, რომ ის საქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. მანქანიდან ის ძალით გადაიყვანეს და რამდენჯერმე კისერში ჩაარტყეს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა დაწესებულებამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით,  გადაჰყავთ. ჩანს მის მიმართ, პენიტენციურის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობაც. კადრების გავრცელებას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი