ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტთან ერთად ბრალდებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თემურ ჯანაშია სასამართლოში უკვე მივიდა.
ჯანაშია, ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში "ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, ახლა კი დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ეშინია მესამე პრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანის.
"მარტივი მდგომარეობა გვაქვს, ადამიანი თუ არის ჯანმრთელი უნდა მოიყვანონ სასამართლოზე, თუ ავად არის, უნდა გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც ხედავდით, ამ 9 წლის განმავლობაში "ოცნების" ხელისუფლება ჰპირდებოდა თავის ამომრჩეველს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე. აგერ არის ბატონო სასამართლო, მოიყვანონ წარდგება და მონაწილეობას მიიღებს. ფაქტი, რომ ეს სისხლის სამართლის პროცესი ამდენი ხანია მიმდინარებს, ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული, 9 წელია ამაზე ვლაპარაკობთ, მგონი, ყველას შევაწყინე თავი ჩემი პიჯაკებით",- ამბობს თემურ ჯანაშია.
ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მთავარ ბრალდებულს, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც დღეს მისცეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მიზეზად კი მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ "პიჯაკების საქმის" გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო რესურსის გაფლანგვას ედავებიან, რის მაგალითადაც მოყვანილია წარმომადგენლობითი ხარჯები.
ამავე თემაზე: