ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ასოციაციების ხელმძღვანელებს არ შეხვდა. მედიკოსებს მინისტრთან სამი საკითხის განხილვა სურდათ - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ვილი პაჭკორიას შიმშილობის და ექიმ ლევან გოგუაძის სამსახურიდან გათავისუფლება.
"ექიმთა საზოგადოება სხვა საზოგადოებასთან ერთად ითხოვს ჩვენი პრეზიდენტის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას. ძირითადად მოსული ვართ, რომ გავერკვიოთ რატომ არ გადაყავთ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის პოლიპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ითხოვს მთელი სამედიცინო საზოგადოება", - თქვა ევრო მეცნიერების ეროვნული სექციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩახუნაშვილმა.
აქციის მონაწილე სოფო ბერიძე ამბობს, რომ ექიმის პირველი მოვალეობა და დანიშნულება პაციენტის სასარგებლო ქმედებაა.
შიმშილობას აგრძელებს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია, რომელიც ამბობს, რომ იძულებულია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად პროტესტის ამ ფორმას მიმართოს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.