"ნაციონალური მოძრაობის" 9 დეპუტატი, პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკვე მესამე დღეა შიმშილობს. უკვე მე-14 დღეა საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს, "დროას" დამფუძნებელი, ელენ ხოშტარიაც.
საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მმართველი პარტიის დეპუტატებს დარბაზში შესვლა მოშიმშილე კოლეგების გვერდის ავლით მოუწიათ. "ოცნების" დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა მოშიმშილეებს გვერდი ისე აუარა და დარბაზში ისე შევიდა, რომ მათ არც კი მისალმებია. ერთადერთი ვინც ოპოზიციონერებთან მივიდა და გაესაუბრა, ელგუჯა გოცირიძე იყო.
ოპოზიციის დეპუტატების თქმით, იუსტიციის მინისტრის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტის მკვლელობა აქვთ გადაწყვეტილი და ამ გზაზე თანდათან მიდიან.
"ვინმე ბრეგაძე არის კომპლექსების მქონე, სხვისი მორჩილი ადამიანი. ვის ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოოფნა- რუსეთის ინტერესში. მათ არ უნდა მისი გადაყვანა, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს საპროტესტო მუხტი, მათ შორის შიმშილობა, დემონსტრაციები გაგრძელდება", - ამბობს აკაკი მინაშვილი.
ენმ-ის წევრი, ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ ხეილსუფლების ქმედება არის გამოწვევა საზოგადოებისთვის და "საზოგადოება არ დაუშვებს 21-ე საუკუნეში მესამე პრეზიდენტის მკვლელობას".
იხილეთ რატი ბრეგაძის განცხადებები დღევანდელი ბრიფინგიდან: