გიორგი გახარიამ მთავრობის წევრების შეხვედრის ღია ნაწილი დღეს ისე დაასრულა, რომ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე არაფერი უთქვამს.
მინისტრთა კაბინეტს პრემიერმინისტრმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლის სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენა. მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება თეთრიწყაროს რაიონში, სადაც ბოლო ორი კვირაა, ვირუსის შემთხვევები აღარ დაფიქისირებულა.
მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს იუტიციის და ჯანდაცვის მინისტრებმა ისაუბრეს. თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსი" უწოდა, ეკატერინე ტიკარაძემ კი მოსახლეობის "დამშვიდება" სცადა და განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და გახარიას შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.
ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა - სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების, მათ შორის, პრემიერის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.