სახალხო დამცველმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.
"მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა.
სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში", - წერია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოიწვია კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:
ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ.
"აქვე კვლავ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს.