
სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობის მორიგი მცდელობა - 5 აგვისტოს, კანცელარიასთან ცარცით გაკეთებული წარწერის გამო, მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი 1 000 ლარით დაჯარიმდა.
მარიამ დოლიძეს ჯარიმა იერსახის დამახინჯებისთვის 3 თვის შემდეგ გამოუწერეს. შესაბამისი შეტყობინება მან გუშინ sms-ით მიიღო.
საქმე ეხება 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების გამო გამოხატულ პროტესტს.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩოლოიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, "სირცხვილიას" აქტივისტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა და ასფალტზე ცარცით წარწერა გააკეთეა - "სად იქნებოდა მარიანა ჩოლოიანი ლუკა რომ თქვენი შვილი ყოფილიყო".
მარიამ დოლიძე აპირებს, ჯარიმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს:
"ჯარიმა გამოწერილია 4 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ პირველივე ორშაბათს, ეს თარიღიც ძალიან საგულისხმოა. ეს არის 5 აგვისტო, როდესაც მარიანა ჩოლოიანი გამოუშვეს ციხიდან. ეს არის გამომძიებელი,რომლის ზეწოლის შემდეგაც ლუკა სირაძემ, ბავშვმა, თავი მოიკლა. ამაზე აღშფოთებული მე გავედი გარეთ, სპეციალურად არ წავიღე პულივიზატორი, ასფალტზე დავწერე ცარცით და ამაზე გამომიწერეს 1000-ლარიანი ჯარიმა.
ცხადია, რას ცდილობს ქართული ოცნება და ხელისუფლება. ისინი ცდილობენ, ყველა აქტიურ ადამიანს შეუქმნან დიდი დისკომფორტი, ან დაუწერონ ჯარიმები ან გაუშვან ციხეში, იმისთვის, რომ დააშინონ. თუმცა, მინდა ვუთხრა, რომ კოვზი ნაცარში უვარდებათ, მე აუცილებლად ისევ აქტიურ ადამიანად დავრჩები და დიდი იმედი მაქვს, რომ არავისზე იმოქმედებს", - თქვა მარიამ დოლიძემ.
სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება დიქტატურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა რეპრესიები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ეს არაა ერთადერთი ფორმა, ფინანსური სანქციები რითაც ებრძვიან განსხვავებულ აზრს ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ უმოწყალოდ აკავებენ სამოქალქო აქტივისტებს, უწესებენ რაღაც 5-დღიან პატიმრობას, 14-დღიან პატიმრობას მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქეები აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერში მკვლელობას და გაყალბებულ არჩევნებს", - თქვა "სირცხვილიას" წევრმა ნოდარ რუხაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მთავარი ფიგურანტი პატიმრობიდან 5 აგვისტოს გათავისუფლდა. მსჯავრდებულმა გამომძიებელმა ციხე ვადაზე ადრე უდოს კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა. მაშინ, როდესაც დაღუპული მოზარდის ოჯახის წევრები სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დასრულებას და გამომძიებლისთვის ბრალის დამძიმებას ელოდებოდნენ, მედიისგან შეიტყვეს, რომ მართლმსაჯულება აღარ აღსრულდება.