„კარგი იქნებოდა“ და „მიზანშეწონილია" სიტყვები არ შეიძლება იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით - ასე გაიგო "ოცნების" წევრმა მაჭარაშვილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმის განცხადება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის დაწესებულებაში გუშინ მოინახულა და პირველადი შეფასებით განაცხადა, რომ "გლდანის მე-18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა"
მეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა საერთოდ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო - აცხადებს მაჭარაშვილი და ექიმების განცხადებების მიუხედავად, ისევ ამტკიცებს, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი:
"მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი, მათ შორის პირდაპირ ეთერში ნახა საზოგადოებამ, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნიკა არსებობს და მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომ პაციენტისთვის აღმოჩენილი იყოს ყველანაირი სამედიცინო დახმარება. კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ ამ საავადმყოფოში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ კარგი იქნება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანა, აქ მეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა საერთოდ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს თავად მის ქმედებებზე და მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული. ასე რომ, კარგი იქნებოდა და მიზანშეწონილია სიტყვები არ შეიძლება იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით. ქვეყანაში არსებობს კანონი და მის წინაშე ყველა თანასწორია,"- აცხადებს მაჭარაშვილი.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი გლდანის ციხეში გვიან ღამით შევიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი იქ არსებულ ვითარებას, მიხეილ სააკაშვილის მდგმარეობას და სამედიცინო აღჭურვილობას ეცნობოდნენ.
წერილობით დასკვნას მედიკოსები სავარაუდოდ დრეს გაავრცელებენ.