მორიგი პოლიტიკური პროცესი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. რუსთავი 2-ის საქმეზე 1 საათზეა ჩანიშნული.

დღეს ჩვენებას პროკურატურის მოწმეები, რუსთავის 2-ის ყოფილი თანამშრომლები, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია აძლევენ.

გამოძიების პირველ ეტაპზე მათ სწორედ ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო ჩვენება აქვთ მიცემული და სავარაუდოდ დღესაც, იგივე გაიმეორებენ.

ჯაფარიძე-ხაბურზანიას საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს უკვე "მთავარი არხის" ტელესახეები და წარსულში, რუსთავი 2-ის თანამშრომლები დახვდნენ, ისინი ვინც მათთან ერთად წლები მუშაობდნენ და "სირცხვილიას" შეძახილებით შეაცილეს შენობაში. 

"უნდა ვმდგარიყავით დღეს აქ ადამიანები, ვინც დემნას და გიორგის შეახსენებდნენ, რომ ყველაფერი ვიცით. ყველაფერი ვიცით და შეგიძლია გაცილებით მეტი რამის მოყოლა, ვიდრე შეუძლიათ მათ"- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია კომენტარს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგ გააკეთებს. მისი ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით კი ხაბურზანიასა და ჯაფარიძეს პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც "იმედზე" გადავიდნენ და სავარაუდოდ დღესაც იტყვიან, "რა ცუდი დირექტორი იყო" ნიკა გვარამია:

"მათი პრეტენზიები დაკავშირებულია იმ მომენტიდან, როცა დატოვეს რუსთავი 2 და გადავიდნენ კონკურენტ (რბილად რომ ვთქვათ) "იმედზე". გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ისინი ფიქრობენ, რომ ვიდრე ისინი იყვნენ "სეილს ჰაუსის" მეწილეები ყველაფერი იყო კარგად, ხოლო მას შემდეგ რაც ისინი აღარ იყვნენ მეწილეები, შესაბამისად რეკლამების გაყიდვიდან ფინანსურ შემოსავალს ვერ იღებდნენ, დაზარალდებოდა თითქოსდა რუსთავი 2" განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი