დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ გენადი ბესტაევის საქმეზე რეაგირება - კაცი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში თითქმის 2 წელი იმყოფებოდა, ახლა უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა.
ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გენადი ბესტაევთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გენადი ბესტაევის დღევანდელ მდგომარეობაზე, ასევე უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებენ.
"სრული პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მკვლელობის ფაქტებზე, ეკისრება რუსეთის ფედერაციას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია მისი თითოეული უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. გენადი ბესტაევის საკითხი, ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამემამულის საკითხი, ყოველთვის განიხილებოდა ყველა არსებულ ფორმატში", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ.
ამავე თემაზე:
გენადი ბესტაევის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან - ოკუპანტების ტყვეები