მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი ხვდება. მისი თქმით, სახალხო დამცველის ექსპერტების ჯგუფის დასკვნის მიუხედავად, არ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც გაითვალისწინებს რეკომენდაციას და მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანს.
მესამე პრეზიდენტის პოზიცია ამ დასკვნაზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უფლებადამცველები ციხიდან გამოვლენ.
"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამჯერად უკვე საქართველოს სახალო დამცველის ეგიდით შექმნილი სხვადასხვა პროფილის ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის აუცილებელი და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
აქამდე ჩვენ მსგავსი დასკვნა გვქონდა მოსმენილი თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან, ხოლო ეხლა უკვე საუბარია აქედან, მე-18 დაწესებულებიდან, მათ შორის ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის და ადამიანური თვალსაზრისით შესწავლით, ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა.
იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფების მიზანი იქნებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, მათ ეს დიდი ხანია გაკეთებული ექნებოდათ და ვიცით, რომ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.
ამავე თემაზე: