თავდასხმებმა მხოლოდ ხელისუფლება დააზარალა, წარმოაჩინა, როგორც ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

"ამ თავდასხმებმა საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება დააზარალა და ის წარმოაჩინა, როგორც ავტორიტარული მმართველობისაკენ მიდრეკილი", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მის მიმართ მმართველი გუნდის აგრესიულ განცხადებებს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თავდასხმებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და მხარდაჭერა მოჰყვა. 

"ამ დღეების განმავლობაში ნამდვილად ვიხილეთ წარმოუგენლად აგრესიული და სახიფათო თავდასხმები როგორც სახალხო დამცველის, ასევე მისი ექსპერტთა ჯგუფის წევრების მისამართით. ეს ჩემთვის ახალი არ არის და ვიტყოდი, რომ მსგავსი თავდასხმები პირიქით, კიდევ უფრო გვაძლიერებს, თუმცა ეს იყო ძალიან სახიფათო გზავნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრების და ზოგადად პროფესიის მიმართ.

ამ თავდასხმებს და მუქარებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოჰყვა ძალიან დროული რეაგირება და მხარდაჭერა. მე მივიღე ოფიციალური წერილი ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველს და ასევე მთხოვა, მივაწოდო პერიოდულად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საქმის გარშემო", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს. კობახიძის განცხადების შემდეგ, ომბუდსმენისა და ექიმების "პასუხისმგებლობა" მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი ალაპარაკდა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი