ევროპის რამდენიმე ქვეყნაში კორონავირუსის შეზღუდვების გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დემონსტრანტები ძირითადად Covid-ის საშვის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, რაც არავაქცინირებულ პირებს კონკრეტულ დაწესებულებებში, მათ შორის, რესტორნებსა და ბარებში შესვლას უზღუდავს.
ბელგიის გარდა აქცია გაიმართა ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში. ჰააგაში დემონსტრანტებმა ველოსიპედებს ცეცხლი წაუკიდეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცხენები, ძაღლები და ხელკეტები გამოიყენა ოფიციალურმა პირებმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და სულ მცირე შვიდი ადამიანი დააკავეს.
ამის შემდეგ აქციები გაგრძელდა როტერდამში, სადაც პროცესი ძალადობრივ გზებში გადაიზარდა. პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლაც ჰქონდა.
ოფიცრების თქმით, სულ მცირე სამი დემონსტრანტი მკურნალობს საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
შეზღუდვების გასაპროტესტებლად, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ავსტრიის ქუჩებშიც, ხორვატიასა და იტალიაშიც.