საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება სამართლებრივად შესაძლებელია, თუმცა იურისტები თანხმდებიან, რომ ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები.
მათი თქმით, საფუძველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ტრავმა შეიძლება გახდეს, რაც მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად იქნა მიღებული.
იურისტები თვლიან, რომ თუ მესამე პრეზიდენტის საქმეს პოლიტიკური შემადგენელი მოსცილდება, შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება დადგეს.
"მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება, რაც დადასტურებულია საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ. არათუ სასჯელის გადავადება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას დაესვას წერტილი.
ჩვენ ვნახეთ ამ დღეების მანძილზე ქართული მართლმსაჯულება როგორ გამოიყურებოდა, ეს არ იყო სასამართლო პროცესები, ეს იყო სადამსჯელო ოპერაციები, ეს იყო ხელისუფლების დავალებების პირდაპირი შესრულება, შესაბამისად, ამ სასამართლოს პირობებში მიღებული სასჯელები არალეგიტიმურია, არაკანონიერია და საერთოდ ეს სასჯელები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულების გადავადების წესს, რაც ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკაშვირებული.