ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ენმ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს თმობს, ოპოზიციური გაერთიანება ახლა კონსულტაციების მეორე ეტაპს იწყებს.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კი იმედოვნებენ, რომ ოპოზიციური ლიდერები შეთანხმდებიან, რომ დარჩენილ ექვს ოლქში მაქსიმალურად ეკლექტური პოლიტიკური შემადგენლობა უზრუნველყონ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მზად არიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.
ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი გავრცელდეს სხვა საარჩევნი ოლქებზე და უმრავლესობა ოლექბში მთლიანი საქართველოს მასშტაბით შედგეს შეთანხმება ერთიან კანდიდატებაზე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე
არასაპარლამენტო ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს ხელიდან ერთ-ერთი იარაღი, პოლიტიკური სივრცის პოლარიზება გამოეცალა.
უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში ჩვეულ ფორმატში და იქ მოხდება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ ექვსი მანდატის გადანაწილება, - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
უკვე ცნობილია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ პარტიას თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება. თუმცა, "ლელო"-ში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, დანარჩენ ოპოზიციასთან ითანამშრომლებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიკა მელიამ პარტიის სახელით მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს, ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს, ორ ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, კანდიდატს საკუთარი პარტიიდან წარადგენს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგით გუშინ "ევროპულ საქართველოს" უპასუხა, რომლის ლიდერებმაც დღეს ენმ-ს მაჟორიტარულ ოლქებში კვოტებზე გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.