
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს ის საკუთარ სასამართლო პროცესებს უნდა დაესწროს. მისი თქმით, პირველი სამი პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის არცერთი ფორმით დასწრების საშუალება არ მიეცა უფლებების დარღვევა იყო.
ომბუდსმენმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მესამე პრეზიდენტის საქმეში ამერიკელი მოსამართლეების ჩართვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"ნამდვილად არ მაქვს ხელთ რეცეპტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, არ განგვიხილავს ეს საკითხი, მათ შორის უცხოელი მოსამართლეების ჩართვა როგორ შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ველოდები ხარვეზებს ამ მიმართულებით და იმედია, არ გამართლდება ჩემი უარყოფითი მოლოდინები. თუმცა პროცესს დავაკვირდებით, წინ არის კიდევ არაერთი სასამართლო პროცესი, დავაკვირდებით და გვექნება ჩვენი პოზიციები.
მე ვიმეორებ, რომ ჩემი შეფასებები ეყრდნობა პირველი სამი სასამართლოს მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებს",- თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, სასამართლო პროცესი იყოს ღია, საჯარო და საზოგადოებას უნდა შეეძლოს, თუნდაც ტელევიზიით, ონლაინრეჟიმში პროცესს მიადევნოს თვალი. ომბუდსმენის თქმით, ესაა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაც, ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს.