პოლიტიკოსის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმება უკანონოა.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, კომისიას ამ გადაწყვეტილების მისაღებად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
მისივე თქმით, ძალადობისა და რეპრესიის მექანიზმად სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.
"არ არსებობს არანაირი იურიდიული სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ტელეკომპანია "მთავარი" დააჯარიმონ. აბსოლუტურად უკანონოდ და უსამართლოდ სჩადიან ამას. ავტორიტარული რეჟიმებისთვის ზუსტად ეს არის დამახასიათებელი, რომ ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ საკუთარი ძალადობრივ რეპრესიულ მექანიზმად და თვითონ გადიან კანონის ჩარჩოებიდან. ერთადერთი, რაც ამ დროს ავტორიტარულ რეჟიმს აჩერებს არის ხალხის ძალა და ფართო საპროტესტო მოძრაობა", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად, არხის დახურვის ტოლფასია.