"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან გამოყვანისას თითი მოტეხა.
"გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა. საღოლ ძმებო", - წერს ანა წითლიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბათუმის მსგავსად, ძველი მოწვევის დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ, ხმაურია. შენობაში ოპოზიციიდან ანი წითლიძე და 3 დეპუტატი შევიდა. ისინი ითხოვდნენ, რომ სხვებსაც ესარგებლათ იგივე უფლებით, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია ბათუმში, სადაც მოვლენების ეპიცენტრმა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გადაინაცვლა. პოლიცია მოქალაქეების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობს. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 2 მონაწილე დააკავეს.