"ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე" - "ლელო" საკრებულოებში ბიუჯეტების დამტკიცებაზე

გამოქვეყნდა:

"ეს იყო სრულიად თავხედური, ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე" - ასე გამოეხმაურა პარტია "ლელო" ზუგდიდსა და ბათუმში "ქართული ოცნების" საკრებულოს ვადაგასული დეპუტატების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დღეს განვითარებული მოვლენები უპრეცედენტოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას არა სახელმწიფო უწყებები, არამედ კონკრეტული პარტია მართავს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ იმ უპრეცედენტო, სრულიად თავხედურ და ძალადობრივ თავდასხმას თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე, რომელიც მიმდინარეობს ბათუმსა და ზუგდიდში. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ პარტიული ინტერესებისთვის იარაღად იყენებს სახელმწიფო ინტიტუციებს, რომ ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია და ოპოზიციის გამარჯვება ამ მუნიციპალიტეტებში გადაამტვრიოს, ძალის გამოყენებით გააუქმოს დემოკრატიული პრინციპები.

ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი სხვა არაფერი არ არის, თუ არა კიდევ ერთი ლუსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყანას სახელმწიფო უწყებები კი არ მართავენ, მართავს ერთი კონკრეტული პარტია თავის ხუშტურებზე და ახირებებზე დაფუძნებით. ეს არის უპრეცედენტო, არასდროს ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ბიუჯეტები ყოველთვის დეკემბერში მტკიცდებოდა ახალი საკრებულოების მიერ, მაგრამ ახლა, ვინაიდან პოლიტიკური ვითარება არის შეცვლილი და ოპოზიციას აქვს მკაფიო და მტკიცეა პოზიციები ზუგდიდსა და ბათუმში, "ქართულმა ოცნება" გადაწყვიტა, არჩევნების ამ შედეგებს დაუპირისპიროს შიშველი და თავხედური ძალა.

ერთი მხრივ, მან გამოიყენა ცესკო, რომელმაც მორჩილად აღასრულა დავალება და განზრახ არ ნიშნავს სხდომებს დროულად, და მეორე მხრივ, ვხედავთ, უკვე კარგად გამოცდილ პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებას იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები შეაფერხონ და ძალით მიიყვანონ ეს პროცესი ბოლომდე", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ზუგდიდის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი