სამოქალაქო აქტივისტები კალაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო უჩივიან

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო უჩივიან. კახი კალაძის წინააღმდეგ საჩივარი მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს შეაქვთ. 

ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც თბილისის მერმა ერთ-ერთ აქტივისტს, კახა კვეკვესკირს მაისური შემოახია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს. 

ამბობენ, რომ ვარკეთილის სკვერის გახსნაზე მხოლოდ იმ მიზნით მივიდნენ, რომ კალაძისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა მოეხერხებინათ და მერისგან პასუხები მიეღოთ ისეთ თემაზე, როგორიცაა დიღმის ჭალები და იქ მიმდინარე სამუშაოები.

სამოქალაქო აქტივისტები "მთავართან" განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც კახა კალაძეს დიღმის ჭალებთან დაკავშირებული კითხვა პირადად დაუსვეს, ამან თბილისის მერთან ერთად, მისი თანმხლები პირებიც გააღიზიანა.

მივედით კითხვების დასასმელად. ვახსენეთ თუ არა დიღმის ჭალები, ვიკითხეთ რატომ მარხავდნენ იქ არსებულ ტყეს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. კალაძე აფეთქდა. სავარაუდოდ, მისი ინტერესებია და იმიტომ. ქვის გადამამუშავებელი ქარხნები აქვს იქ მოწყობილი და ნაგავსაყრელი. კახა კვეკვესკირს მაისური შემოახია, მასთან ერთად კი საკრებულოს ზონდერი დეპუტატები და მერიის და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, - ამბობს მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი. 

მისივე თქმით, დიღმის ჭალებში არსებული ვითარების ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კახა კალაძეს კი დიმიტრი ბიძინაშვილმა ისიც შეახსენა, რომ თბილისში "ქართული ოცნების" მომხრეების გარდა, სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი მორიგ სკანდალში დღეს საღამოს, ვარკეთილში სკვერის გახსნისას გაეხვა - კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ინციდენტის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ინციდენტში მონაწილე აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და პროვოკაციას გეგმავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი