გიორგი რურუას საქმე გაყალბებულია - „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის ადვოკატები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ.
საქმის მასალების მიხედვით, მის ჩხრეკასა და დაკავების ოქმის შედგენაში მონაწილეობა გამომძიებელმა გიგა დარსაველიძემ მიიღო. წესით, 18 ნოემბერს ის ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა რურუა ამტკიცებს, რომ დარსაველიძე იქ არ იყო, შესაბამისად, არც რაიმე ოქმი შეუდგენია და საიდან გაჩნდა ამ სისხლის სამართლის საქმეში ეს პირი, მისთვის გაუგებარია. გასაგებია, მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებისთვის.
რურუას მძღოლიც, რომელიც დაკავების დროს მასთან ერთად იყო, ამტკიცებს, რომ მსგავსი აღნაგობის პირი არავინ უნახავს. სხვა ყველა იმ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია, ვინც მათი მანქანა გააჩერა და რურუას დაკავებაში მონაწილეობა მიიღო.
ფაქტს, რომ გამომძიებელი დარსაველიძე ტყუის, ამყარებს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებაც. მან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი არასწორად იცის ან ამბობს, რომ არ ახსოვს. ჩვენებაში თქვა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ავტომობილი სედანის ტიპის საპატრულო პოლიციის მანქანამ გაჩერა, არადა კადრები სხვასამტკიცებს. ასევე არასწორად თქვა, სად იყო შავი ფერის "შკოდა" რურუას გაჩერების დროს, რომელშიც წესით თავად იჯდა. ვერც ის გაიხსენა, რა ნივთები ამოუღეს რურუას ჩხრეკის დროს, არადა ირწმუნება, რომ ოქმში ეს ყველაფერი საკუთარი ხელით ჩაწერა. ახსოვს მხოლოდ ის, რომ დაკავებულს იარაღი ჰქონდა.
გიგა დარსაველიძემ დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკის ჩატარების შესახებ მანამდე შეადგინა, სანამ დადასტურდებოდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუას უკანონო იარაღი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ.
საქმე რომ გაყალბებულია ექსპერტის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებაც მიუთითებს, რომელმაც თქვა, რომ თუ ბრალდებულს იარაღი შარვალში ედო და ტანსაცმელთან მჭიდრო კავშირი იყო, ნაჭერზე მეტალის კვალი აუცილებლად დარჩებოდა. გიორგი რურუას ტანსაცმელზე შემოწმების შემდეგ კი მეტალის კვალი არ აღმოჩნდა.
რურუა პოლიტიკური პატიმარია - ეს არის აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. ყველა დარწმუნებულია, რომ ის გისოსებს მიღმა საპროტესტო აქციების მხარდაჭერისა და კრიტიკულ მედიასთან კავშირის გამო გამოკეტეს.
ხელისუფლება დღემდე არ ასრულებს რვა მარტის შეთანხმებას - გათავისუფლების ნაცვლად, მის წინააღმდეგ არაერთი ახალი თუ კარგად ნაცნობი ძველი ბრალდება ისმის. იხსენებენ 90-იანებში მომხდარ კრიმინალურ ამბებს და ამ ამბებთან რურუას კავშირის დადასტურებას ცდილობენ.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. 48 გაფორმებული იარაღის პატრონს ერთი სხვა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. წინასწარი დაკავების იზოლატორში შვიდი თვეა იმ მოტივით ზის, რომ მოწმეებზე ზემოქმედება და ქვეყნიდან წასვლა შეუძლია. ყველა მოწმე პოლიციელია, ქვეყნის საზღვრები კი კორონავირუსის გამო უკვე რამდენიმე თვეა, ჩაკეტილი.