"მარტო ევროკავშირისგან კი არა, ქართველი ხალხისგან ხართ ისე შორს, როგორც არასდროს თქვენც კი არ ყოფილხარ" - ასე მიმართა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსით ათობით ადამიანი იღუპება, მმართველი გუნდის, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ერთადერთი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა".
"არც კი ვიცი რა შეფასება უნდა მივცე, იმ მოცემულობას, რომ მარტო დღეს, ისევ 80 ადამიანი არის მიცვალებული, ამდენი მაცხოვრებელი ზოგიერთ სოფელს აღარ ჰყავს უკვე საქართველოში, ეს ცალკე ტრაგედიაა ამ ქვეყნის და ამ პირობებში, უმრავლესობის, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მთავარი სალაპარაკო არის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. მარტო ევროკავშირისგან კი არა, ქართველი ხალხისგან ხართ ისე შორს, როგორც არასდროს თქვენც კი არ ყოფილხარ", - თქვა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80 ადამიანი გარდაიცვალა, 4 214 კი გამოჯანმრთელდა.