
როგორ მდიდრდებიან "ქართულ ოცნებასთან" და კახი კალაძესთან დაახლოებული კომპანიები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც თბილისის განვითარების ფონდის ფინანსები შეისწავლა, ახალ სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს.
ირკვევა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები კალაძის ქვემდებარე ფონდიდან ათეულობით მილიონ ლარს წინასწარ იღებენ ისე, რომ შემდეგ სამუშაოებს წლების განმავლობაში აღარ ასრულებენ.
ავანსების სახით დარიგებული მილიონები სავარაუდოდ, შავი ფულის სახით ნაწილდება. ირკვევა, რომ თბილისის განვითარების ფონდის პროექტებზე დასაქმებული მუშები თვიური ანაზღაურების სახით 30 000 ლარზე მეტს იღებენ.
"2018-2019 წლებში ორგანიზაციას მომწოდებლებისთვის ავანსის სახით გაცემული აქვს 66 მილიონ 592 700 ლარი, 2018 წელს გადახდილი 33 მილიონ 935 ათასი ლარის ავანსისგან წლის განმავლობაში ათვისებულია 20 მილიონ 942 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს - 32 მილიონ 660 ათასი ლარიდან ათვისებული 16 მილიონ 260 ათასი ლარი. მიმწოდებელზე დიდი რაოდენობის ავანსი გაიცემა, რომლის სრულად ათვისებას ისინი ხშირად 1 წელზე მეტ დროს ანდომებენ", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება მისი მოადგილის პოზიციას, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მერიას აქვს საკუთარი ვერსია და სიმართლის დასამტკიცებლად აუდიტის წინააღდეგ სასამართლოში იდავებენ.
"თბილისის განვითარების ფონდს, ახლაც მიმდინარე პროცესია, სასამართლოში ჰქონდა შეტანილი საჩივარი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ აუდიტის სამსახურისთვის შესაგებელი პასუხი შესაბამისი დოკუმენტებით წარგვედგინა და მიმდინარეობს ახლაც განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, თითქოს თბილისის განვითარების ფონდმა აუდიტის სამსახურს ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა", - თქვა ბენდელიანმა.