
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება გზის გადაკეტვის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მუქარაა.
ამ თემაზე დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ისაუბრა.
"იუსტიციის მინისტრს გაუკეთებია განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუკი კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში, მოგეხსენებათ მსგავსი შინაარსის განცხადება ადრეც იყო გაკეთებული, ნუ ეს არის ბუნებრივია მუქარა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სასამართლო პროცესზე საკმაოდ კარგად გამოვიდა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ბუნებრივია აგრძელებს მკურნალობას, მას უტარდება უამრავი გამოკვლევა და ცხადია, ჯერჯერობით მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გადაყვანა, არის დაუშვებელი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის საზოგადოებისადმი მოწოდებაა, არ შეშინდნენ და აქტიური, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა განაგრძონ.
"მისი მოწოდება ქართველი ხალხისადმი იქნება ის, რომ მათ შორის 2 დეკემბერსაც მშვიდობიანად გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა მიმდინარე პროცესის პარალელურად", - თქვა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერსაა ჩანიშნული. ადვოკატები ამ შემთხვევაშიც ითხოვენ, მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე მისვლის შესაძლებლობა მიეცეს.