მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ე.წ. პიჯაკების საქმე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებების პოლიტიკური მოტივაციისა და დაუსაბუთებლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია.
როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, გამოძიება მესამე პრეზიდენტს სხვადასხვა ხარჯების გამო ედავება, მათ შორის ჯო ბაიდენის გამასპინძლებისთვის, ვაცლავ ჰაველისა და ლეხ კაჩინსკის საფლავებზე თაიგულების მიტანისთვის.
"აქედან გადმომდინარე, ამ საქმეს რეალურად იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. უფრო მეტიც, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯები გრძელდებოდა 2013 წელსაც, როდესაც ბიძინა ივანიშილი იყო პრემიერმინისტრი და ქართულ ოცნებას ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ზუსტად იგივე წესით განაგრძობდა მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვას და ამ ნაწილში არავითარი კითხვები არ აქვთ თვითონ ქართულ ოცნებას. ეს ნიშნავს ერთადერთს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე წარდგენის საშუალება ისევ მიეცეს.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის მორიგ სასამართლომდე 1 დღე რჩება. მიხეილ სააკაშვილი ე.წ პიჯაკების საქმის განხილვაზე დასწრებას ითხოვს და მხარდამჭერებს სასამართლოს ტერიტორიაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.