გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მივიდა. ჯერ ისევ უცნობია, მისცემს თუ არა ხვალ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების საშუალებას.
"[ინფორმაცია] არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტს მიეცემა თუ არა საშუალება სასამართლოში კვლავინდებურად წარსდგეს. რაც დარწმუნებით ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ ეს ასე არ მოხდეს და მიხეილ სააკაშვილს აღარ ჰქონდეს ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება. არგუმენტებს რაც შეეხება, როდის იყო რომ პენიტენციური რაიმე არგუმენტებზე აყრდნობდა თავის გადაწყვეტილებას გადაყვანის ან არგადაყვანის შესახებ", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
უფლებადამცველის თქმით, ხვალინდელი პროცესიც წმინდად პოლიტიკურია და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მანვე აღნიშნა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, რა დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას ხვალ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრების შემთხვევაში:
"ხვალინდელი პროცესიც, ისევე როგორც წინა პროცესი, იქნება სარკე ქართული საზოგადოებისთვის, რომ ძალიან ნათლად დაინახონ თუ როგორი ხელისუფლება გვყავს და როგორი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი "პიჯაკების საქმეზე" ხვალ, 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.