
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხობენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებელია.
კობახიძემ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისთვის ახლა არანაირი აუცილებლობა არ არსებობს და ის რომც მიიღონ, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერმა შესაძლოა 5%-დან 2%-მდე საერთოდ არ დაიწიოს.
NGO-ები ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმებას ახსენებენ:
"ქართული ოცნება შეთანხმების დატოვების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას აგრძელებს. შესაბამისი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა, მისი თქმით, მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას", - წერენ არასამთავრობოები.
განცხადებას ხელს აწერენ: