"ოცნება კლავს!" - ამ სახელწოდებით დღეს, პირველ დეკემბერს, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორი პარტია "ლელოა", რომელიც აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის სამართავად და ადამიანების გადასარჩენად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
"ხელისუფლების უუნარობა და უმოქმედობა კლავს!!!
Covid19 საქართველოში დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში, სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა.
ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანების გადასარჩენად.
"ქართული ოცნება" კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს!!! ხელისუფლება გენოციდს აწყობს!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 957 გამოჯანმრთელდა.