რუსული კომპანიის "ინტერ რაოს" სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ქართული მხარის 80 მილიონი დოლარით დაჯარიმებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მომხდარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგია და არ გამორიცხავს, საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე არაერთი დავის ფონზე, ქვეყანას კიდევ უამრავი თანხის გადახდა მოუწიოს.
დეპუტატი ენერგეტიკის სფეროში კორუფციის არსებობაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ხელშეკრულებები არა გასაიდუმლოებული, არამედ საჯარო იყოს.
"დაჯარიმება მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები. დღეს დაგვაჯარიმეს 80 მილიონი დოლარით. ის დავები, რომლებიც არის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ რომ წააგოს, მილიარდობით ლარის გადასახადი გვექნება. მარტო წელს, საქართველოს მთავრობამ ადვოკატებში გადაიხადა 80 მილიონი ლარი. ბოლო 6 წლის განმავლობაში გადაიხადა 192 მილიონი ლარი. სად არიან ეს ადვოკატები? რატომ ვერ იმარჯვებენ? იმიტომ რომ კორუფციული კონტრაქტები იყო.
კალაძემ სახლიდან მოიტანოს ჯერ ფული, სანამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. სემეკის ყველა თავმჯდომარემ, რომელიც პოლიტიკური ნიშნით აჯანჯლებდა გადაწყვეტილების მიღებას, გააფორმეს მემორანდუმი პირდაპირ საზიანო ქვეყნისათვის. ყველა ხელშეკრულება, რაც კი გაფორმებულია, რუსულ კომპანიებთან არის საიდუმლო", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დეტალები არ იციან და კვლავ წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს.
"გადახედეთ წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მთელი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ენერგო რესურსების გამომმუშავებელი ობიექტები როგორ მიჰყიდა რუსეთს და რა ხელშეკრულებებს აფორმებდა. მერე ვილაპარკოთ იმაზე, ვინ დაჯარიმდა და რა მოხდა. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის თაობაზე და ვფიქრობ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვერაფერს დაგიდასტურებთ", - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, ქართული მხარის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა. ირკვევა, რომ "ინტერ რაოს" შვილობილი კომპანიების სარჩელის საფუძველზე, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ ქართულ მხარეს 80 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამ დრომდე მალავდა. "ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.