ეკონომიკის მინისტრი თურნავა რუსულ ენერგოკომპანიასთან, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილებას ეხმიანება. თურნავას თქმით, "ინტერ რაოს" პოზიციები არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა, 200-ის ნაცვლად, 80 მილიონი დაგვაკისრა, თუმცა ამის მიუხედავად, ის თვლიდა და თვლის, რომ მოსახლეობას ტარიფები არ უნდა გაუზარდონ
"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა "ინტერ რაოს" პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის. ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - ამბობს თურნავა.
ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსულ კომპანიას 80 მილიონი უნდა გადაუხადოს, რუსულმა მედიამ გაავრცელა.
სადაო პერიოდი კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდს ეხება.
"ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.